ვითომ რელიგიური სამსახურის შექმნით ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიდინა მავნებლობა, ეს საკანონმდებლო ხარვეზი აღმოიფხვრება, აღარ მივცემთ მავნებლებს ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:10 | 12.12.2022
ნანახია: 156

ვფიქრობ, ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც არ წუხს და არ ნერვიულობს „გირჩის“ მოგონილ, მავნებლურ, უმსგავსო, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ რაღაც პროგრამაზე, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ფიქტიური, ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება, ამაზე თვალი დავხუჭოთ. ჩვენი ვალია, ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც. ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდნენ, თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას. ამაზე დიდი მავნებლობა და ქვეყნის მტრობა, რა შეიძლება, რომ იყოს. ასე რომ, ეს საკითხი მოგვარებულია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე