კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს ჩვენი საახალწლო სლოგანი - „მშვიდობის ქალაქი“, წარმოეჩინათ, როგორც ნიშნის მოგება უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია - კალაძე

საქართველო, თბილისი - 12:11 | 30.11.2022
ნანახია: 204

კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს ჩვენი საახალწლო სლოგანი —„მშვიდობის ქალაქი“ — წარმოეჩინათ, როგორც ნიშნის მოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია, - ამის შესახებ დღეს, 30 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„გუშინ კონკრეტულმა მედიასაშუალებებმა და პოლიტიკოსებმა სცადეს ჩვენი საახალწლო სლოგანი —„მშვიდობის ქალაქი“ — წარმოეჩინათ, როგორც ნიშნის მოგება ჩვენი უკრაინელების მიმართ, რაც არის უმძიმესი სპეკულაცია და პროვოკაცია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის მიმართ სიყვარულით განმსჭვალული ადამიანი არასდროს იკადრებს, არასდროს გააკეთებს. თუმცა, მე კარგად მესმის, რომ ამ ადამიანებს სამშობლოს მიმართ არც სიყვარული გააჩნიათ, არც პატივისცემა და არც ღირსება.

ყოველ ახალ წელს ადამიანები ტრადიციულად აღნიშნავენ მთავარ სიკეთეს, რითაც გასული წელი დაამახსოვრდათ და ერთმანეთს უსურვებენ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მათ უნდათ, რომ მომავალმა წელმა მოუტანოს. იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელიც ჩვენს რეგიონსა და ზოგადად, თანამედროვე სამყაროშია შექმნილი, სწორედ მშვიდობაა მთავარი სიკეთე, რომელიც თბილისელებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს 2022-მა წელმა გვაჩუქა და რომელსაც დამდეგი 2023 წლიდან ყველა თბილისელი და ყველა ქართველი ისურვებდა.

ამასთან, პირველი, ვისაც თითოეული ჩვენგანი, თითოეული თბილისელი და ქართველი ერთმანეთის შემდეგ მშვიდობას უსურვებდა, სწორედ ჩვენი კიეველი და უკრაინელი მეგობრები არიან. დიახ, მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და ის, რომ ჩვენი და ზოგადად მსოფლიოს ყველა ქალაქი უნდა იყოს მშვიდობის ქალაქი, ეს მავანთათვის, თურმე კითხვებს აჩენს. თურმე, ჩვენ როგორ გავბედეთ და როგორ ვახსენეთ მშვიდობა, რომლისკენაც ყველა ქვეყანა, მათ შორის, ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა მიისწრაფვის. გმირი უკრაინელი ხალხი დღეს სწორედ თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვის. მე დღეს მრცხვენია ამ თემაზე საუბრისა და ახსნა-განმარტებების გაკეთება რომ მიწევს, რა ვქნათ მეგობრებო, არ ჩავიფიქროთ მშვიდობა?! არ გავუშვათ ეს სანუკვარი სურვილი თბილისიდან მსოფლიოს ყველა ქალაქის, ყველა ქვეყნის მიმართულებით?,“ — თქვა კალაძემ.

როგორც ცნობილია, თბილისის მთავარი საახალწლო სლოგანი „თბილისი — მშვიდობის ქალაქი“ იქნება. ამავე წარწერას მერია თავისუფლების მოედანზე არსებულ ნაძვის ხესთან ამონტაჟებს.
 
30 ნოემბერს, 21:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები თავისუფლების მოედანზე დამონტაჟებული საახალწლო სლოგანის შეცვლის მოთხოვნით აქციას გამართავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე