ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ჩემი მანქანის დაწვის მიზეზი ხელოვნურად გაჩენილი ხანძარია - გია ხარჩილავა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 29.11.2022
ნანახია: 266

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მისი მანქანის დაწვის მიზეზი ხელოვნურად გაჩენილი ხანძარია.

ამის შესახებ მან მედიას დღეს, 29 ნოემბერს, უთხრა და წარუდგინა ამონარიდი ექსპერტიზის დასკვნიდან.

„ჩემი პირადი ავტომობილი არც თვითაალებით დამწვარა, და არც უგულისყურობით. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მანქანის დაწვის მიზეზი გახლავთ ხელოვნურად გაჩენილი ხანძარი. ამავე დასკვნაში აღნიშნულია მთელი დინამიკა, როგორ მოხდა ეს ხანძარი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი სახლიდან პოლიციამდე მანძილი 200 მეტრია. 200 მეტრი გახლავთ სახანძრომდეც. ეს პერიმეტრი აღჭურვილია ვიდეოკამერებით. ნახძარი მოხდა ღამის 4 საათზე, როდესაც ქალაქში თითო-ოროლა ავტომობილი მოძრაობს. ანუ, დადგენის და დაზუსტების ძალიან მარტივი რეჟიმია. თავიდანვე გასარკვევი იყო, რამ გამოიწვია ხანძარი და ექსპერტიზის მიერ დადგენილია, რომ ეს არის ადამიანის მიერ გაჩენილი ცეცხლი“, — განაცხადა გია ხარჩილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

წალენჯიხის მერის სახლთან მდგარ ავტომანქანას ცეცხლი12 ოქტომბერს გაუჩნდა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე