ირანში ორი ცნობილი მსახიობი დააკავეს, რომლებიც საჯაროდ თავსაბურავის გარეშე გამოჩნდნენ და საპროტესტო აქციებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს

საქართველო, თბილისი - 09:39 | 22.11.2022
ნანახია: 246

ირანში ანტისამთავრობო პროტესტი არ ცხრება. ორი ცნობილი ირანელი მსახიობი საჯაროდ თავსაბურავის გარეშე გამოჩნდა საპროტეტსო აქციების მონაწილეების სოლიდარობის ნიშნად, რის შემდეგაც ორივე პოლიციამ დააკავა. იუწყება BBC

როგორც ირანული სამთავრობო მედია იუწყება, ჰენგამე ღაზიანსა და ქათაიონ რიაჰის, რომლებიც უამრავი ჯილდოს მფლობელები არიან, შეთქმულებასა და ანტისამთავრობო ქმედებებში წაუყენეს ბრალი.

ქალები კვირას დააკავეს. დაპატიმრებამდე ჰენგამე ღაზიანმა „ტვიტერში“ დაწერა: „რაც უნდა მოხდეს, იცოდეთ, რომ როგორც ყოველთვის, მე ვიდგები ირანელი ხალხის გვერდით. შესაძლოა, ეს ჩემი ბოლო პოსტია“.

ღაზიანი და რიაჰი იმ საზოგადო მოღვაწეებს შორის არიან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მასობრივ პროტესტს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც ქალთა უფლებებს სასტიკად ლახავს.

 „უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვითარება მძიმეა და ხალხი უბედურია“, - ამის შესახებ ირანის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ეჰსან ჰაისაფიმ კატარში განაცხადა.

ირანის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელმა ჰოსეინ სოორიმ კი განაცხადა, რომ ესპანეთიდან ტურნირის დასრულების შემდეგ სამშობლოში არ დაბრუნდება საპროტეტსო აქციების მონაწილეთა სასტიკი დევნის გამო.

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთში, ირანელი გულშემატკივრები ირანი-ინგლისის მატჩზე თავიანთი ქვეყნის ჰიმნს სტვენით შეხვდნენ. ირანის გუნდის ფეხბურთელებმა კი ჰიმნი არ იმღერეს და ამით ქალების მიმართ სოლიდარობა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების აშკარა მხარდაჭერა გამოხატეს.  

ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრიდან მიმდინარეობს. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც „მორალის პოლიციამ“ 13 სექტემბერს ჰიჯაბის არასწორი გამოყენების გამო დააკავა. დაკავების შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა. იმავე დღეს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღის შემდეგ შინაგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

პროტესტი 17 სექტემბერს ქურთების ქალაქ საკეზში ქალის დაკრძალვაზე დაიწყო.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ საპროტესტო აქციების დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არასრუწლოვნებიც.

ფოტოზე: ქათაიონ რიაჰი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე