საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ისლანდია 88:85 დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 01:59 | 12.11.2022
ნანახია: 378

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეშვიდე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი რეიკიავიკში ისლანდიას დაუპირისპირდა და 88:85 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გამოცდილი სასტარტო ხუთეული დააყენა: გიორგი ცინცაძე, თად მაკფადენი, დუდა სანაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი.

ჩვენმა კალათბურთელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა და პირველი ტაიმი 45:38 მოიგეს.

შეხვედრის ბოლო წამებზე გუნდები ჯარიმების ტყორცნებში გაეჯიბრნენ, სადაც შედარებით მაღალი სიზუსტე ქართველებმა გამოავლინეს და 88:85 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო ციკლში მომდევნო მატჩი უკვე 14 ნოემბერს იტალიასთან ელის. თამაში თბილისში ჩატარდება და მისი მოგების შემთხვევაში, ქართველი კალათბურთელები მსოფლიო პირველობის ფინალურ ეტაპს ძალიან მიუახლოვდებიან. იტალიამ დღეს ესპანეთთან ოვერტაიმში 84:88 წააგო, ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთ შეხვედრაში კი უკრაინამ სტუმრად ნიდერლანდები 96:77 დაამარცხა.

ამგვარად, L ჯგუფში 6 მოგებით ესპანეთი გალიდერდა, იტალიას 5 გამარჯვება აქვს, საქართველოს და ისლანდიას – 4-4, ხოლო უკრაინას – 2. ჯგუფის აუტსაიდერ ნიდერლანდებს მოგება არ გააჩნია და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ჩამოშორებულია. ფინალურ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გაემგზავრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე