უკრაინელების დეპორტაცია და ფილტრაცია არის ომის დანაშაული და შესაძლოა, დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ - Amnesty International

საქართველო, თბილისი - 15:33 | 10.11.2022
ნანახია: 230

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გაყვანა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ახორციელებს, ომის დანაშაული და შესაძლოა, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ამის შესახებ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის გამოქვეყნებულ მოხსენებაში. იუწყება BBC.

ანგარიშში დეტალურად არის აღწერილი უკრაინის მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და რუსეთში. ანგარიშის მომზადებისას Amnesty International-მა გამოკითხა უკრაინის 88 მშვიდობიანი მოქალაქე, რომელთაგან 48 ომამდე მარიუპოლში ცხოვრობდა.

რუსეთის მიერ მარიუპოლის ოკუპაციის შემდეგ უმეტეს შემთხვევაში რუსული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი ძალები ხელს უშლიდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის გადასვლას უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე.

შედეგად ქალაქში შეიქმნა „უპირობო იძულების ვითარება“. „ბევრი სამოქალაქო პირი ამბობდა, რომ როგორც რუსული, ისე რუსეთის მიერ მართული ძალები აიძულებდნენ გაქცეულყვნენ ერთი მიმართულებით: თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“, საიდანაც ისინი რუსეთში გადაჰყავდათ“, - აცხადებენ Amnesty-ში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უამრავი ბავშვი დააშორეს მშობლებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების საწინააღმდეგოდ,

Amnesty International-ი ასევე აღწერს, როგორ დამამცირებლად ექცეოდნენ იძულებით გაყვანილ მოქალქეებს შემოწმების პროცედურების გამოყენებით. მათი თქმით, ე.წ. ფილტრაცია ხშირად მიმდინარეობდა სასტიკი მოპყრობითა და წამებით.

„ბავშვების დაშორება ოჯახებისგან და ადამიანების იძულება გადასახლებულიყვნენ სახლებიდან ასობით კილომეტრის მანძილზე - კიდევ ერთი მტკიცებულებაა  მძიმე ტანჯვისა, რომელიც რუსეთის შეჭრამ უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას მიაყენა“, - განაცხადა Amnesty International-ის გენერალურმა მდივანმა ანიეს კალამარმა.

Amnesty International-ი მოუწოდებს საერთაშორისო პროკურორებს გამოიძიონ მოსახლეობის იძულებითი გადასახლება, როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე