ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების გამართვის პირობები წამოაყენა - Politico

საქართველო, თბილისი - 13:13 | 09.11.2022
ნანახია: 250

გამოცემა Politico-ს წყარო ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებასთან დაკავშირებით პოზიციები შეარბილა. გამოცემის ცნობით, ამისკენ მას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უბიძგა.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას რუსეთთან მოლაპარკებისთვის 5 პირობა დაასახელა. „კიდევ ერთხელ: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, გაეროს წესდების მიმართ პატივისცემა, ომით მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება, ომის დამნაშავეების დასჯა და გარანტიები, რომ ეს აღარასდროს განმეორდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც Politico აღნიშნავს, ზელენსკის აღარ უხსენებია მოთხოვნა, რომ რუსეთთან მოლაპრაკებები ვერ გაიმართება, ვიდრე ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს ზელენსკისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისთვის არ უთქვამთ, რომ უკრაინას პოზიციები უნდა შეეცვალა, თუმცა გადასცეს, რომ კიევმა უნდა აჩვენოს მზადყოფნა ომის სამშვიდობო გზით დასრულებისთვის.

„ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა დასხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან პირდაპირ ახლა. ჩვენ არც ვფიქრობთ, რომ ახლა შესაბამისი დროა, იქიდან გამომდინარე, რასაც რუსეთი აკეთებს. მაგრამ მათ უნდა აჩვენონ მზადყოფნა კონფლიქტის გადაჭრისთვის, რადგან ამ კონფლიქტის დასრულება იმაზე მეტად არავის უნდა, ვიდრე უკრაინას“, - განაცხადა გამოცემის წყარომ თეთრ სახლში.

ნოემბრის დასაწყისში The Washington Post-ი წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო აიდენის ადმინისტრაცია უკრაინის ლიდერებს მოუწოდებს, გამოხატონ ღიაობა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის და უარი თქვან საჯარო პოზიციონირებაზე, რომ არ ჩაერთვებიან სამშვიდობო მოლაპარაკებაში, სანამ ვლადიმირ პუტინი ხელისუფლებაშია.

უნდა აღინიშნოს, რომ ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.

"უკრაინის ქმედებების შესახებ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად," - ეწერა განკარგულებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე