რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას პუტინისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება - ბლინკენი

საქართველო, თბილისი - 10:18 | 05.11.2022
ნანახია: 285

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას მისთვის და მისი ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

ამის შესახებ მან გერმანიაში, დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, იუყება CNN.

 „G7-თან ერთად მთელი მსოფლიოს ქვეყნები პრეზიდენტ პუტინს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ ბირთვული იარაღის ნებსიმერი გამოყენება კატასტროფული იქნება მისთვის და რუსეთისთვის“, - თქვა ბლინკენმა.

მინისტრებმა ერთობლივ განხცადებაში აღნიშნეს, რომ G7-ის ქვეყნებს მკაცრი რეაგირება ექნებათ მოსკოვის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური თუ ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებაზე.

„რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას პასუხად მოჰყვება სერიოზული შედეგები. ჩვენ ასევე უარვყოფთ, რუსეთის ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა ემზადება რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და ჩვენ მივესალმებით უკრაინის გამჭვირვალობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდი შვიდეული აცხადებს, რომ გააგრძელებს რუსეთზე ეკონომიკური საფასურის დაკისრებას, ასევე სხვა ქვეყნებზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც მოსკოვს სამხედრო მხარდაჭერას უწევენ.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მოწოდებები მოლაპარაკებებისკენ არ იმსახურებს ნდობას, რადგან ის განაგრძობს ომის ესკალაციას, ახალი მუქარების და დეზინფორმაციის გავრცელებას.

დიდი შვიდეული გააგრძელებს კოორდინაციას, რათა შეამსუბუქოს რუსეთის ომის შედეგები გლობალური ეკონომიკური სტაბილურობისთვის, სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებისთვის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე