დონეცკის რეგიონში რუსეთმა იმაზე მეტი სამხედრო დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომში - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 10:00 | 05.11.2022
ნანახია: 319

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა მხოლოდ დონეცკის რეგიონში იმაზე მეტი სამხედრო და აღჭურვილობა დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორივე ომში.

ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას აღნიშნა.

 „მთელი კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები დონბასში მიმდინარეობს - ბახმუტსა და სოლედარში. ვიკავებთ ჩვენს პოზიციებს.

დონეცკის ოლქში ამ და ზოგიერთ სხვა მიმართულებაზე რუსეთის არმიამ იმდენი ადამიანი და იმდენი აღჭურვილობა დაკარგა, რამდენიც ჩეჩნეთის ორ ომში არ დაუკარგავს, თუმცა ხელისუფლება რეალურ დანაკარგს რუსულ საზოგადოებას უმალავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება მოქალაქეებს ასევე ატყუებს, რომ მობილიზაციასთან დაკავშირებული ამოცანები შესრულებულია.

 „სინამდვილეში რუსეთის რეგიონებში და ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი განაგრძობენ ადამიანების შეგროვებას და მათ სიკვდილისთვის წირავენ“, - თქვა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის პირველი ომი 1994-1996 წლებში მიმდინარეობდა, მეორე კი - 1999-2009 წლებში. დაღუპული რუსი სამხედროების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

2021 წლის მარტში რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კრასოვმა განაცხადა, რომ ორი შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში ჩრდილოეთ კავკასიაში 11 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მონაცემებით, 4 ნოემბრის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან განადგურებულია 74 840 ოკუპანტი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე