ჯორბენაძემ, მამისეიშვილმა და მაღლაკელიძემ გაიზიარეს ჩხიკვაძის ბედი, ისინი აუცილებლად ინანებენ - დიმიტრი საძაგლიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:08 | 02.11.2022
ნანახია: 272

იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოშიც გამოიკვეთა ნიკა გვარამიას უდანაშაულობა და აბსოლუტურად ყველასთვის ნათელია, რომ ის გაყალბებული განაჩენით იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში, ჯორბენაძე, მამისეიშვილმა და მაღლაკელიძემ გაიზიარეს ჩხიკვაძის ბედი, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი აუცილებლად ინანებენ გადაწყვეტილებას და სიმართლე აუცილებლად დადგინდება.

საძაგლიშვილმა სასჯელის დამძიმების საკითხზეც ისაუბრა.

"როგორც ჩანს ძალიან ტკიოდა, რომ ნიკა გვარამია 6 თვის განმავლობაში ციხეში იჯდა ავტომობილის პირადი მიზნებით გამოყენებისთვის და გადაწყვიტეს, რომ უსამართლობა კი არ გამოესწორებინათ და გაეთავისუფლებინათ, სხვა ეპიზოდზეც გამოეყენებინათ პატიმრობა, რომ თითქოსდა შეეცადონ გამართლებას, რომ ავტომობილის გამოყენების გამო საპატიმრო დაწესებულებაში არ იმყოფება. შედეგის თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა, უბრალოდ ხელისუფლების მესიჯბოქსის შესაბამისად შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. ეს ეხება 2015 წლის სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდს",- თქვა საძაგლიშვილმა.

სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა და მას ბრალი დაუმძიმა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე, რომელზეც პირველმა ინსტანციამ მას  3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება ბრალის დამძიმების ეპიზოდს, საუბარია კომპანიისთვის ზიანის მიყენების ნაწილზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა გვარამიას ამ ნაწილში 50 000 ლარი ჯარიმა ჰქონდა დაკისრებული, თუმცა მეორე ინსტანციამ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ნიკა გვარამიას ამ ნაწილზეც 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

იმის გამო, რომ სასჯელის ერთმანეთს ემთხვევა, პატიმრობის ვადა არ იცვლება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე