აჭარის ნაერთი ბიუჯეტი 67,2 %-ით, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტი 69%-ით შესრულდა

საქართველო, თბილისი - 14:36 | 02.03.2016
ნანახია: 1303

აჭარის ნაერთი ბიუჯეტი 67,2 %-ით, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტი 69%-ით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში აჭარის ა/რ ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 26 მლნ 833 ათას 900 ლარი იყო, თუმცა 1-ელი მარტის მდგომარეობით შესრულებამ 18 მლნ 34 ათას 600 ლარი შეადგინა. ანუ იანვარ-თებერვლის გეგმა მხოლოდ 67,2 %-ით, შესრულდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი იანვარში მხოლოდ 51,5 %-ით არის შესრულებული, რაც თავის მხრივ საშემოსავლო (შესრულება მხოლოდ 51,7%) და ქონების (შესრულება მხოლოდ 45,7%) გადასახადში გეგმის შეუსრულებლობას უკავშირდება. 2016 წლის ორ თვეში აჭარის ნაერთი ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლი 114,7 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 509,1 %-ითაა შესრულებული, რაც თავის მხრივ ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან და მიწის გაყიდვიდან შემოსულ მზარდ შემოსულობებს უკავშირდება.

რაც შეეხება აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის იანვრ-თებერვლის შესრულებას, ის მხოლოდ 69%-ით შესრულდა.

საბიუჯეტო მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვალში რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი მხოლოდ 62,8%-თ არის შესრულებული, რაც ნაერთი ბიუჯეტის მსგავსად, საშემოსავლო გადასახადის გეგმის 62,8 %-იან შესრულებას უკავშირდება. საანგარიშო პერიოდში, რესპუბლიკურ ბიუჯეტში ქონების გადასახადის გადახდა არ დაფიქსირებულა.

იანვარ-თებერვალში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების მუხლი 140,6 %-ით, ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი 109,5 %-ით არის შესრულებული.

რაც შეეხება თვითმართველ და მუნიციპალურ ერთეულებს: იანვარში ბათუმის ბიუჯეტი - 68,7 %-ით, ქობულეთის ბიუჯეტი - 40,1 %-ით, ხელვაჩაურის ბიუჯეტი - 43,6 %-ით, ქედას ბიუჯეტი - 13,2 %-ით, შუახევის ბიუჯეტი - 7,4%-ით, ხოლო ხულოს ბიუჯეტი - 506,1 %-ით შესრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე