დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების ღრმა შეშფოთებას იმსახურებს ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და ჩავარდნილი რეფორმები - ხატია დეკანოიძე

საქართველო, თბილისი - 13:33 | 25.10.2022
ნანახია: 250

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების ყველაზე ღრმა შეშფოთებას იმსახურებს ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და ჩავარდნილი რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულებისა და სასამართლოს თვალსაზრისით, – ამის შესახებ „ნციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განაცხადების შეფასებისას თქვა.

ნედ პრაისმა თქვა, „გამოვთქვით შეშფოთება მთავრობის ზოგიერთი ქმედების გამო. მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი იმ რეფორმების გატარებით, რომლებიც აუცილებელია წინსვლისთვის“.

ხატია დეკანოიძის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ რეფორმების გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის მიმართულებით წარმატების მიღწევა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტნიორების ყველაზე ღრმა შეშფოთებას იმსახურებს სამი ძირითადი საკითხი – ანტიდასავლური კამპანია, საქართველოში რუსული ინტერესების გაძლიერება და ჩავარდნილი რეფორმები, მათ შორის მართლმსაჯულებისა და სასამართლოს თვალსაზრისით, რომელიც ყველაზე ნიშანდობლივი ინსტრუმენტია რეჟიმის, ხელისუფლების და ინსტრუმენტალიზაციის ამ მახინჯი სისტემის, ოლიგარქიის და კლეპტოკრატიის. ამიტომ, თუ რეფორმები არ იქნება, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, საქართველოს ძალიან გაუჭირდება ევროინტეგრაციის კონტექსტში წარმატების მიღწევა“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

სანქციებთან დაკავშირებით ხატია დეკანოიძემ  აღნიშნა, რომ აუცილებლად იმუშავებენ ამ მიმართულებით.

„სანქციების მიმართულებით აუცილებლად ვიმუშავებთ. რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა, რომ სანქციები იქნება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებისა და საქართველოს დემოკრატიისთვის პრობლემას წარმოადგენს. სახელმწიფოს სანქციებზე არავინ საუბრობს, საუბარია, რომ ყველა იმ ადამიანს, ვინც ეხმარება უკრაინაში რუსეთს სამხედრო აგრესიის მიმართულებით, უნდა დაუწესდეს სანქციები“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე