სამწუხაროა, რომ ქვეყანა, რომელიც ამბობს, რომ მეგობარია, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს - წულუკიანი ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე

საქართველო, თბილისი - 12:28 | 21.10.2022
ნანახია: 301

ძალიან სამწუხაროა, რომ ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს, - თქვა ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკრაინის მიერ ბიძნა ივანიშვილის ოჯახის წევრების დასანქცირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს არის მორიგი მცდელობა იმისა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართონ.

"ჩვენ ვიხილეთ, რომ ეს სანქციები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გამოიცა, როგორც გადაწყვეტილება, უკრაინის უშიშროების საბჭოს ეკუთვნის. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი კი ის პირია, რომელიც ჩვენს სამშობლოს, საქართველოს ომში ჩაბმისკენ მოუწოდებდა და არ ადარდებდა ის, თუ ეს რა გავლენას იქონიებდა ჩვენს თაობებსა და ქვეყანაზე, რომელიც უკრაინაზე ადრე იყო ოკუპირებული [...] რბილად რომ ვთქვა, ძალიან სამწუხაროა, რომ ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. ალბათ, უშიშროების საბჭოსგან მომდინარე ეს გადაწყვეტილება, უნდა აღვიქვათ, როგორც მორიგი მცდელობა იმისა, რომ საქართველო საომარ მოქმედებებში ჩართონ. მაგრამ, ეს არ მოხდება. დღეს ამ ქვეყანაში ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობა", - თქვა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე