გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაციას დაესწრება

საქართველო, თბილისი - 18:29 | 29.02.2016
ნანახია: 1567

1 მარტს, 14:00 საათზე,  სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ (შესასვლელი სასტუმროდან Rooms Tbilisi, მერაბ კოსტავას ქუჩა N 14) პროგრამის „აწარმოე საქართველოში“  ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ახალ სქემას საზოგადოებას საქართველოს  ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გააცნობს.

 სასტუმრო ინდუსტრიის შემდგომი განვითარების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ისარგებლოს ახალი სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით,  წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი, შექმნას სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

პროგრამის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისისა და ბათუმის გარდა ააშენოს ახალი სასტუმრო, მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოვება/გადაიარაღება, ასევე, გააფორმოს ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე.

სასტუმროების განვითარების ინდუსტრიის პროგრამის პრეზენტაციას საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის, ასევე სასტუმროს ქსელების, ტურისტული კომპანიების, საერთაშორისიო ორგანიზაციების, ავიაკომპანიებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე