წყალტუბოში კიდევ ერთი სანატორიუმი იყიდება

საქართველო, თბილისი - 18:15 | 26.02.2016
ნანახია: 1713

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ცისკარი“ ელექტრონულ აუქციონზე პირობებიანი ფორმით გასაყიდად გამოიტანა.

ყოფილი სანატორიუმი „ცისკარის“ საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა სულ მცირე 5 000 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს, რაც მოიცავს უძრავ ქონებაზე 50-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა–რეკონსტრუქციას, აღჭურვას და სასტუმროს ეზოს კეთილმოწყობას. სასტუმროს ტერიტორიაზე ასევე, არანაკლებ 20 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი მოეწყობა.  

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/278951

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორი ყოფილი სანატორიუმი გაყიდა. სანატორიუმი „მეშახტის“ ბაზაზე, არანაკლებ 100-ნომრიანი, 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება, ხოლო ყოფილი სანატორიუმი „ივერიის“ ტერიტორიაზე ინვესტორები 6 000 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. შედეგად, კურორტი წყალტუბო 80-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს და 260 სასტუმრო ნომერს მიიღებს.

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე