სტამბულში საქართველო-თურქეთის ინვესტიციების წახალისების საკითხები განიხილეს

საქართველო, თბილისი - 17:11 | 26.02.2016
ნანახია: 1404

ქართულ-თურქული ორმხრივი ინვესტიციების შემდგომი წახალისების საკითხი განიხილა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფისთან არსებული სახელმწიფო საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბულში, ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე და სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ინვესტიციების შემდგომი წახალისების მიმართულებით. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია როგორც თურქული ბიზნესისა და ინვესტიციების დაცვა და წახალისება საქართველოში, ისევე ქართულისა - თურქეთში.

საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი 24-25 თებერვალს თურქეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა თურქეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეების ხელმძღვანელ პირებთან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე