მედიის ადვოკატირების კოალიცია "მთავარი არხის" ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 14.07.2022
ნანახია: 387

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებით, მთავარი არხის ჟურნალისტების მიყურადების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მიიჩნევს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

"პირადი და საქმიანი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ფუნდამენტური ასპექტია კომუნიკაციის თავისუფლება, რომელიც, მოიცავს ადამიანების კომუნიკაციის ანონიმურობის დაცვას ნებისმიერი მესამე პირისგან. ამ უფლების დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი და საქმიანი სივრცის ხელშეუხებლობისთვის.

ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჟურნალისტებს სახელმწიფო უკანონოდ უსმენს, რისი გამოძიებაც სათანადოდ არ მომხდარა. ამის დასტურია, 2021 წელს გავრცელებული ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფაილები, რომლებიც, ათეულობით ჟურნალისტის სავარაუდო უკანონო მოსმენის შინაარსს ასახავს. უკანონო მოსმენების საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ჟურნალისტების სახელით საჩივრებიც გაიგზავნა", - აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, მთავარი არხის ჟურნალისტების სავარაუდო ფარული ჩანაწერის გავრცელება ამძაფრებს ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ჩანაწერიც სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურს ეკუთვნოდეს.

13 ივლისს ტელეკომპანიების მაესტროსა და იმედის ეთერით წამყვანმა გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გაავრცელა ფარული ჩანაწერი, რომელიც მისივე განმარტებით, ტელეკომპანია "მთავარი არხის" გუნდის სამუშაო პროცესს ასახავს. მთავარი არხის ჟურნალისტები ჩანაწერების ავთენტურობას ადასტურებენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე