აჭარის ტურისტული პოტენციალი პოლონელების ყურადღების ცენტრშია

საქართველო, თბილისი - 16:07 | 26.02.2016
ნანახია: 1292

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა წელს პირველად რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვროცლავის მერვე ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. აჭარის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარა-ბათუმის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და  დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიეღოთ ინფორმაცია რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების, პროდუქტებისა და მარშრუტების შესახებ. ვროსლავის გამოფენა მონაწილეთა და ვიზიტორთა ხალმრავლობით გამოირჩევა, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს აჭარის რეკლამირებას პოლონურ ტურისტულ ბაზარზე.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ვროცლავი წელს ევროპის კულტურის ცენტრადაა დასახელებული და მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული გამოფენა ქვემო სილეზიის მარშალ ცეზარ ფშიბილსკთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გახსნა. გამოფენის პარალელურად საგამოფენო სივრცეში დაგეგმილია აჭარის დღეების გამართვა, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლი „ხორუმი“ და ანსამბლი „ბათუმი“ მიიღებს. გარდა ამისა, ვროცლავში იმართება ეკონომიკური ფორუმი „ვროცლავი-ბათუმი 2016“, რომელშიც აჭარის მთავრობის დელეგაცია რეგიონის ეკონომიკურ-ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციას გააკეთებს. დელეგაციაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამია ბერძენიშვილიც იმყოფება.

 

ვროცლავის ტურისტულ გამოფენაზე დეპარტამენტი რეგიონს 2 დღის განმავლობაში წარადგენს. წლის ბოლომდე კი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პოლონეთის კიდევ ორ - კატოვიცესა და ვარშავას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში გეგმავს მონაწილეობის მიღებას.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე