ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გათიშვების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია

საქართველო, თბილისი - 14:28 | 26.02.2016
ნანახია: 1312

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია არ ადასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ელექტროენერგიის გათიშვების მატებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გათიშვების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია.

ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობისა (SAIDI) და საშუალო სიხშირის (SAIFI) მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რომლებიც დაანგარიშებულია გათიშული მომხმარებლების ზუსტი რაოდენობის საფუძველზე, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით SAIDI გაუმჯობესდა 30,4%-ით, ხოლო SAIFI – 9%-ით, ხოლო 2015 წელს 2014 წელთან შედარებით SAIDI გაუმჯობესდა - 33,5%, SAIFI კი - 14%-ით. შესაბამისად, შემცირებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში გათიშვების შემთხვევები.

მიმდინარე წლის 28 იანვარს ააიპ „საქართველოს რეფორმების საერთაშორისო ასოციაციამ“ კომისიას მომართა წერილობით და მოითხოვა ბოლო წლებში სს „თელასის“ მიერ განხორციელებული გეგმიური, ავარიული გათიშვებით გამორთული აბონენტების საერთო რაოდენობა. ასოციაციას წერილობით მიეწოდა ის მონაცემები, რაც სს „თელასს“ ჰქონდა კომისიაში დაფიქსირებული აღნიშნული პერიოდისთვის.

კომისიიდან გასულ ინფორმაციაში, რომელიც 24 თებერვალს განთავსდა Facktcheck“-ის ვებ გვერდზე, სს „თელასის“ SAIDI-SAIFI-ის მონაცემების შესახებ 2015 წლის 1-3 კვარტალის ინფორმაცია მოცემული იყო დაზუსტებული მეთოდის შესაბამისად - მომხმარებელთა ზუსტი რაოდენობის მიხედვით, ხოლო წინა წლების მონაცემები გამოთვლილი იყო პირობითი მეთოდის საფუძველზე, სადაც გამოთვლისათვის აღებული იყო მომხმარებელთა პირობითი საშუალო რაოდენობა. აღნიშნულმა კი გამოიწვია გაუგებრობა. აქედან გამომდინარე კომისიამ 15 თებერვალს სს „თელასისგან“ მოითხოვა ახსნა-განმარტება. 23 თებერვალს სს „თელასის“ მიერ კომისიისთვის მოწოდებულ განმარტებაში მოცემულია ორივე მეთოდით გაანგარიშებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ორივე შემთხვევაში აღინიშნება გათიშვების კლების ტენდენცია - ზუსტი მეთოდით 2015 წელს 2014 წელთან შედარებით SAIDI გაუმჯობესდა - 33,5%, SAIFI - 14%-ით, ხოლო პირობითი მეთოდით SAIDI - 22%-ით და SAIFI – 7,4%-ით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე