აჭარის მთავრობის ორგანიზებით, პოლონეთში ბიზნესფორუმი „ვროცლავი-ბათუმი“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 12:19 | 24.02.2016
ნანახია: 1368

26 თებერვალს, პოლონეთში, ქ. ვროცლავში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, საინვესტიციო ტურების ღონისძიების ფარგლებში „ვროცლავი-ბათუმი“ ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში უცხოელი პარტნიორები საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებს, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალს, ასევე საინვესტიციო და საპრივატიზაციო ობიექტებს გაეცნობიან.

დელეგაციის წარმომადგენლები პოტენციურ ინვესტორებთან, ადგილობრივ კომპანიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებს გამართავენ. ფორუმზე პოლონეთის წარმომადგენლებს აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიეწოდებათ. ფორუმის მონაწილეები ასევე აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს გაეცნობიან. ქ.ვროცლავში, აჭარის მთავრობის დელეგაციასთან ერთად, აჭარაში სხვადასხვა სექტორში, კერძოდ მშენებლობის, ტურიზმის და ლოჯისტიკის სფეროში მოღვაწე კერძო კომპანიების (ბათუმის პორტი, სასტუმრო „მარინა კოლიზეუმი“, შპს „ტურინვესტი“, შპს „დარბილდინგი“, შპს „მეტრო ატლას ჯორჯია“, შპს „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, შპს „ორბი ჯგუფი“, სასტუმრო „დივანი“ და სხვა) წარმომადგენელთა ვიზიტიც იგეგმება. ისინი თავიანთ გამოცდილებას ადგილობრივ ინვესტორებს გაუზიარებენ.

ღონისძიებაში ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მიიღებს მონაწილეობას. პრეზენტაციების შემდეგ ბიზნესმენთა პირისპირ შეხვედრები გაიმართება, რაც ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის ბიზნეს ურთიერთობების დამყარებას შეუწყობს ხელს. ღონისძიების თანაორგანიზატორი ქვემო სილეზიის მარშალის ოფისია.

პოლონეთში ოფიციალურ შეხვედრებში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ბიზნეს ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე,  აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამია ბერძენიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ვროცლავში საინვესტიციო ფორუმთან ერთად ასევე ტურისტული გამოფენა გაიმართება, სადაც აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სპეციალური სტენდი მოეწყობა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აჭარასა და ქვემო სილეზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. დელეგაცია პოლონეთს 29 თებერვალს დატოვებს.

აჭარის მთავრობის ორგანიზებით ბათუმში 2014 წელს პირველი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი ჩატარდა. 2014-2015 წლებში ფორუმი საზღვარგარეთ 5 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, თურქეთი,ბელარუსი) და ასევე საქართველოში 4 ჯამში საინვესტიციო ფორუმი მოეწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე