თინათინ ხიდაშელი ვენის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 24.02.2016
ნანახია: 1861

ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ვენის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს აკადემიის დირექტორმა ჰანს ვინკლერმა და ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა ვერნერ ფასლაბენდმა უმასპინძლეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა თემაზე „კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპაში: გამოწვევები და გაკვეთილები ევროპული უსაფრთხოებისთვის“. საჯარო გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და რუსეთის როლზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელის სიტყვით გამოსვლის თემები იყო ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობები, შავი ზღვის უსაფრთხოება და ახალი შესაძლებლობები.

საჯარო გამოსვლით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავსტრიაში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერს, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს კარლჰაინც კოფვს და ეუთოში ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. თავდაცვის მინისტრი, ასევე, სიტყვით გამოვიდა ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის საგანგებო პლენარულ სხდომაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე