დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 12:00 | 24.02.2016
ნანახია: 1432

24 – 25 თებერვალს საქართველოს ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის ეკონომიკის მინისტრ მუსტაფა ელიტაშთან, სადაც განხილული იქნება ორმხრივი სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, მათ შორის, ქვეყნებს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო ეფექტიანი ამოქმედების მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე–პრემიერი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაში, რომელიც თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიისა (DEIK) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან ასევე საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში .

დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნობს საქართველოში არსებულ მდგომარეობას და რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის განვითარებისა და უცხოური ინვესტიციების წახალისებისკენ.
ასევე დაგეგმილია დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ქართველ სტუდენტებთან, რომლებიც თურქეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
25 თებერვალს დაგეგმილია საქართველოს ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის წამყვან კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინვესტირება განახორციელონ საქართველოს სხვადასხვა სექტორებში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე