ობამამ კონგრესს გუანტანამოს ციხის დახურვის გეგმა წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 24.02.2016
ნანახია: 1609

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს გუანტანამოს დახურვის გეგმა შესთავაზა.

”როდესაც ცხადი ხდება, რომ რაღაც ისე არ მუშაობს, როგორც ჩაფიქრებული გვქონდა და არ ამყარებს ჩვენს უსაფრთხოებას, ის აუცილებლად უნდა შეიცვალოს”, - ნათქვამია ობამას განცხადებაში. ამერიკის პრეზიდენტმა გუანტანამოს ციხის დახურვის პირობა ჯერ კიდევ 7 წლის წინ დადო.

სავარაუდოდ 91 მსჯავრდებულიდან 34-ს მესამე ქვეყნებში გადაიყვანენ, დანარჩენებს კი აშშ-ში გაგზავნიან.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, გუანტანამოს ციხის დახურვით ქვეყანა ყოველწლიურად 65-85 მლნ დოლარს დაზოგავს.

ობამამ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების მომენტიდან გუანტანამოს ციხის დახურვის პირობა არაერთხელ დადო. თუმცა ყოველთვის კონგრესმენების მხრიდან წინააღდეგობას აწყდებოდა. მოსალოდნელია, რომ ამჯერზეც ორივე პალატამ, რომლის უმრავლესობასაც რესპუბლიკელები შეადგენენ, ობამას გეგმას მხარი არ დაუჭიროს.

გუანტანამოს ციხე ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს 2002 წელს გაიხსნა. საპატიმროში სასჯელს ტერორიზმში ბრალდებულები იხდიან.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე