ICAO-მ სამგზავრო საჰაერო ხომალდით მხოლოდ ტვირთის სახით ლითიუმ-იონის ელემენტების გადაზიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველო, თბილისი - 17:51 | 23.02.2016
ნანახია: 1635

ICAO-მ სამგზავრო საჰაერო ხომალდით მხოლოდ ტვირთის სახით ლითიუმ-იონის ელემენტების გადაზიდვის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, 22 თებერვალს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) მიიღო გადაწყვეტილება სამგზავრო საჰაერო ხომალდით მხოლოდ ტვირთის სახით ლითიუმ-იონის ელემენტების გადაზიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით.

„აკრძალვის გადაწყვეტილება მიღებულია ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ ცდებზე დაყრდნობით, რომლის დროსაც გამოიკვეთა ამგვარი ელემენტების მოჭარბებული საფრთხის შემცველობა, უმეტესად მოკლე ჩართვასთან მიმართებაში“, აცხადებენ უწყებაში.

შესაბამისად, აღნიშნული ცვლილება არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:

  • ეკიპაჟისა და მგზავრის მიერ გადასატან რეგისტრირებულ ბარგსა და ხელბარგზე;
  • როდესაც ლითიუმ-იონის ელემენტი ინტეგრირებულია მოწყობილობაში;
  • ლითიუმ-იონის ელემენტის სატვირთო საჰაერო ხომალდით გადაზიდვისას;

ICAO-ს გადაწყვეტილება ძალაში შევა 2016 წლის 1 აპრილიდან, მისი ყველა წევრი-სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

„ფრენების უსაფრთხოებისათვის მომეტებული რისკის გამო, ავიკომპანიებმა შესაძლოა დააწესონ დამატებითი შეზღუდვები კუთვნილი საჰაერო ხომალდებით ლითიუმ-იონის ელემენტების გადატანასთან დაკავშირებით, ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,სამოქალაქო ავიაციის სააგენტო“ მგზავრებს ურჩევს, კონკრეტული ფრენის განხორცილებამდე, ყოველთვის დააზუსტონ ავიაგადამყვანის მიერ დადგენილი მოთხოვნები აღნიშნულთან დაკავშირებით“, აცხადებენ ,სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე