სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროების შემთხვევაში მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში - პენიტენციური

საქართველო, თბილისი - 10:11 | 08.05.2022
ნანახია: 453

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

უწყების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების გარეთაც, საქართველოში.

"მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე