სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დრონების მფლობელებისათვის გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 15:27 | 22.02.2016
ნანახია: 1568

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დრონების მფლობელებისათვის გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს. სააგენტო უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებს შემდეგ გაფრთხილებას აძლევს:

მოერიდეთ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებას საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. ჰორიზონტალური დისტანცია აეროდრომებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5500 მეტრს;
• უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენებამდე, დარწმუნდით რომ მისი შემადგენელი ყველა მოწყობილობა მწყობრშია. უზრუნველყავით აპარატის გამართული მუშაობა მწარმოებლის მიერ მოწოდებული სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად;
• დრონით ოპერირების წინ, გაეცანით ამინდის პროგნოზს. რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ოპერირება საფრთხისშემცველია როგორც თქვენთვის და გარშემომყოფებისთვის, ისე თქვენი აპარატისთვის;
• მუდმივად შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი უპილოტო საჰაერო ხომალდთან, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე საშუალებების გარეშე (ტელესკოპი, ბინოკლი, ხედვის გამაძიერებელი ელექტრო-ოპტიკური საშუალებები), მოერიდეთ დრონის გამოყენებას ღამის საათებში. აკრძალულია დრონების ოპერირება 150 მეტრ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან;

გახსოვდეთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ექსპლუატაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის მფლობელს/ოპერატორს.

რა უნდა უნდა ვიცოდეთ და გვახსოვდეს უპილოტო საჰაერო ხომალდებით ოპერირების განხორციელების დროს?

უპილოტო საჰაერო ხომალდებს აქვს უდიდესი პოტენციალი გახდეს სამოქალაქო დანიშნულების საიმედო ტექნოლოგია, რაც შესაძლოა გახდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მომტანი ქვეყნისათვის. მაგრამ იმისათვის, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდებმა სამოქალაქო დანიშნულების საჰაერო ხომალდებთან ერთად იფრინონ ერთ საჰაერო სივცეში აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ბოლო წლებში, დრონების სახიფათო მიახლოვებასთან დაკავშირებით, საავიაციო ხელისუფლებებში პილოტების მხრიდან შემოსული შეტყობინებების რიცხვი შემაშფოთებლად იზრდება. მაგალითად, აშშ-ს ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის მონაცემებით, თუ მთელი 2014 წლის განმავლობაში საავიაციო ხელისუფლებაში შევიდა 238 შეტყობინება - დრონების თვითმფრინავებთან სახიფათო მიახლოვების შესახებ, 2015 წლის მხოლოდ რვა თვეში დაფიქსირდა ორჯერ მეტი - 650 შეტყობინება.
• 2015 წლის ივლისში ავიაკომპანია „Lufthansa“-ს სამზავრო ლაინერთან უპილოტო საჰაერო ხომალდის სახიფათო მიახლოვება დაფიქსირდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 108 მგზავრი იმყოფებოდა მიუნხენი-ვარშავას რეისს ასრულებდა. საჰაერო ხომალდი პოლონეთის დედაქალაქის აეროპორტში დასაშვებად ემზადებოდა, როდესაც პილოტმა 100 მეტრის სიახლოვეს უპილოტო საჰაერო ხომალდი შენიშნა. ინციდენტის დროს Embraer E-195 760 მეტრ სიმაღლეზე იმყოფებოდა. პოლონეთის სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ავიამეთვალყურეების მიერ დაუყოვნებლივ იქნა მიღებული შესაბამისი ზომები (მათ სხვა თვითმფრინავებს შეუცვალეს დაფრენის ტრაექტორია), შედეგად, ლუფთჰანზას ბორტი უვნებლად დაეშვა აეროდრომზე. დრონის და მისი მფლობელის აღმოსაჩენად პოლიციის და სამხედრო ვერტმფრენები ჩაერთვნენ, თუმცა უშედეგოდ.
• 2015 წლის სექტემბერს, ავიაკომპანია „Air New Zealand” ადგილობრივ რეისს ასრულებდა (166 მგზავრი), როდესაც 6000 ფუტის (1828მ.) სიმაღლეზე ეკიპაჟმა სახიფათო სიახლოვეს წითელი ფერის უპილოტო საჰაერო ხომალდი ამოიცნო. Airbus A320-200-მა განაგრძო სიმაღლის აღება, საბოლოოდ კი უვნებლად დაეშვა დანიშნულების ადგილზე. ვინაიდან ახალ ზელანდიაში დრონების ოპერირება ხმელეთისა და წყლის ზედაპირიდან 400 ფუტზე მაღლა იკრძალება (121 მ.), ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ შემთხვევასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
• 2015 წლის სექტემბერს, ჰამბურგის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლზე დაშვებისას ავიაკომპანია „Finnair”-ის კუთვნილი Embraer ERJ-190-ის (ბორტზე 80 მგზავრი) ეკიპაჟმა საჰაერო ხომალდის სიმაღლეზე (243 მ.) ჰორიზონტალურად 30 მეტრის დისტანციაზე უპილოტო საჰაერო ხომალდი შენიშნა. პოლიციას კიდევ ერთხელ მოუწია მოქალაქეებისათვის შეხსენება, რომ ჰამბურგში მოქმედი აეროპორტების სიახლოვეს დრონების ოპერირება იკრძალება.

რა ზიანი შეიძლება მიადგეს თვითმფრინავს უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებით? შესაძლოა ავიაციაში გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის აღნიშნული ძნელი წარმოსადგენი იყოს, ან სულაც ბევრი თვლიდეს, რომ საავიაციო ორგანიზაციებისა და ხელისუფლებების მიერ საფრთხე გაზვიადებულია. მარტივი ენით რომ ავხსნათ, მაღალ სიჩქარეზე მოძრავ საჰაერო ხომალდთან მცირე ზომის საგნის შეჯახებაც კი თვითფრინავის ზედაპირის სერიოზულად დაზიანების და შესაბამისად მისი ტექნიკური გაუმართაობის, მანევრირების გართულების მიზეზი შეიძლება გახდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ საგნის ძრავში მოხვედრით გამოწვეულ ფატალურ შედეგებზე. სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ აგრეთვე საფრთხეზე რომელიც უკავშირება შეჯახების შემთხვევაში აპარატში ინტეგრირებული ლითიუმის ელემენტის აფეთქების შესაძლებლობას.

2015 წლის სექტემბერს, საქართველოში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გამოსცა რეკომენდაციები. ამ ხნის მანძილზე სააგენტოს მიერ მითითებულ ელ. მისამართზე და სოციალურ გვერდზე სხვადასხვა კითხვით დაგვიგავშირდა დრონების არაერთი მფლობელი/ოპერატორი. ბევრმა მათგანმა განგვიცხადა, რომ იცავს უსაფრთხოების ზომებს და არ ოპერირებს აეროდრომების სიახლოვეს, რასაც მივესალმებით, თუმცა ადვილი ხელმისაწვდომობის გამო, დღითიდღე იზრდება უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელთა რიცხვი, რომლებიც არ არიან ინფორმირებული იმ შესაძლო რისკებისა და შეზღუდვების შესახებ, რაც თან ახლავს აპარატების ოპერირებას.

ვრცლად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს რეკომენდაციები უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php
https://www.facebook.com/GeorgianAviation/photos/pb.266765790014650.-2207520000.1450178523./1012400675451154/?type=3&theater
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი ბმულები:
http://easa.europa.eu/newsroom-and-events/news/short-summary-easa’s-proposals-new-rules-drones
http://www.icao.int/Meetings/RPAS/Pages/RPAS-iKit.aspx

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე