რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება

საქართველო, თბილისი - 13:57 | 12.03.2022
ნანახია: 540

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები იმართება.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, დილის 08:00 საათზე "ქვეყნის მასშტაბით" 152 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მათივე ცნობით, "არჩევნები" სანიტარული ნორმების ზედმიწევნით დაცვით იმართება.

"საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარული სისტემით 35 ერთმანდატიან ოლქში იმართება. არჩევნების მიმდინარეობას საერთაშორისო დამკვირვებლები აკვირდებიან. პარლამენტში 35 ადგილისთვის 123 კანდიდატი იბრძვის", - აცხადებს დე ფაქტო კომისია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ე.წ. ცესკომ თხოვნით მიმართა "ჩერნომორენერგოს", რომ კენჭისყრის დღეს ელექტროენერგია არ გათიშოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

უწყების ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე