დაგვეხმარეთ რუსი ჯარისკაცების ცხედრების გატანაში, რომელთა სიცოცხლეც თქვენი პრეზიდენტის იდეის საფასური გახდა - მიტროპოლიტი ეპიფანე რუსეთის პატრიარქს

საქართველო, თბილისი - 20:37 | 27.02.2022
ნანახია: 362

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი ეპიფანე რუსეთის პატრიარქს კირილს მიმართვს და სთხოვს უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების ცხედრები გაიტანონ.

მიტროპოლიტი წერს, რომ უკვე მეოთხე დღეა გრძელდება რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, მილიონობით ადამიანი იტანჯება, იღუპებიან ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები.

„სამწუხაროდ, თქვენი წინა საჯარო განცხადებებიდან ნათელია, რომ პუტინისა და რუსეთის მთავრობის კეთილგანწყობა თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინაში ადამიანებზე ზრუნვა, რომელთა ნაწილსაც ომამდე თქვენ თავის მწყემსად მიაჩნდით... მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ საკუთარ თავში იპოვით სულიერ ძალას და თქვენი მოქალაქეების მიმართ მაინც, რომელთა უმეტესობაც  მართლმადიდებელი ქრისტიანია, თქვენი სამწყსოა, გამოიჩენთ ადამიანობასა და მზრუნველობას“, - წერს მიტროპოლიტი.

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ დაღუპულია სამი ათასზე მეტი რუსი სამხედრო, რომელთა ცხედრები უკრაინაშია და წერს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ უკვე მიმართა წითელ ჯვარს და ცხედრების გატანა სთხოვა, მაგრამ რუსეთის მხრიდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

„ამიტომ მოგმართავთ, როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს - თქვენი სამწყსოს მიმართ მაინც გამოიჩინეთ გულმოწყალება. თუ არ შეგიძლიათ ხმა აიმაღლოთ აგრესიის წინააღმდეგ, დაგვეხმარეთ მაინც რუსი ჯარისკაცების ცხედრების გატანაში, რომელთა სიცოცხლეც გახდა თქვენი და თქვენი პრეზიდენტის „რუსული მსოფლიოს“ იდეის საფასური“, - წერს მიტროპოლიტი ეპიფანე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე