სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს - ლუკაშენკა

საქართველო, თბილისი - 17:28 | 27.02.2022
ნანახია: 926

27 თებერვალს, ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, კონსტიტუციის ცვლილების მიზნით გამართულ რეფერენდუმზე მონაწილეობის მიღების შემდეგ, ვრცლად ისაუბრა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.

ლუკაშენკამ განაცხადა, რომ "უკრაინაში რაც ხდება არა ომი, არამედ კონფლიქტია", რაც შესაძლოა, ორ დღეში ომში გადაიზარდოს, ხოლო მომდევნო დღეებში "ხორცსაკეპ მანქანად" იქცეს.

ლუკაშენკამ ასევე დაადასტურა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით "ორი-სამი რაკეტის გაშვება განხორციელდა". მისივე თქმით, ამის ბრძანება მას არ გაუცია, თუმცა არც წინააღდეგობა გაუწევია, რაკეტები ბელარუსში განლაგებულმა რუსმა სამხედროებმა გაუშვეს.

ავტორიტარმა ლიდერმა დასავლეთს მიერ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მინსკისა და მოსკოვის საპასუხო რეაქცია უმკაცრესი იქნება.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთს მესამე მსოფლიო ომის წარმოწყებისკენ უბიძგებს.

"ამ სიტუაციაში ერთი რამ უნდა გესმოდეთ: არის ასეთი სანქციები. ახლა ბევრს ლაპარაკობენ საბანკო სექტორის წინააღმდეგ. გაზი, ნავთობი SWIFT. ეს ომზე უარესია. ეს რუსეთის მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ თავშეკავებულნი, რომ არ ჩავერთოთ, რადგან ბირთვული ომი ყველაფრის დასასრულს ნიშნავს“, - განაცხადა ლუკაშენკამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე