თქვენს მხარეს ვართ, უკრაინელებო! ისტორიის სწორ მხარეს - გერმანიის კანცლერი

საქართველო, თბილისი - 16:31 | 27.02.2022
ნანახია: 339

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომსა და აგრესორის წინააღმდეგ მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა.

კანცლერმა შოლცმა გერმანელ კანონმდებლებთან საუბრისას პირობა დადო, რომ "ძალიან მალე რუსეთის ხელმძღვანელობა იგრძობს, თუ რა მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს უკრაინაში შეჭრისთვის".

ამავდროულად, კანცლერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად სანქციებისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "პუტინი ერთ ღამეში შეცვლის აღებულ კურსს".

"გუშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გერმანია უკრაინას იარაღს გადასცემს, რათა მან თავის დაცვა შეძლოს. პუტინის აგრესიამ ნათლად დაგვანახა, რომ სხვაგვარი პასუხის გაცემა შეუძლებელი იყო", - დასძინა მან.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა პირობა დადო, რომ გაზრდის თავდაცვის ხარჯებს და გერმანიის ბუნდესვერის (გერმანიის შეიარაღებული ძალები) მოდერნიზებისა და უკეთ აღჭურვისთვის 100 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ოლაფ შოლცმა რუსეთის წინააღდეგ სანქციების პაკეტზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, უპრეცედენტოა.

"რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა საზიზღარი ფაქტია. ის არღვევს საერთაშორისო სამართალს და დაუშვებელია მისი გამართლება", - თქვა შოლცმა.

"2022 წლის 24 თებერვალი ჩვენი კონტინენტის ისტორიაში წყალგამყოფია. სრულიად შემაძრწუნებელი სურათები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ კიევიდან, მარიუპოლიდან, ნათლად ცხადჰყოფს, თუ რამდენად არაკეთილსინდისერია [ვლადიმირ პუტინი]. ეს იმდენად უსამართლოა, უკრაინელების ტკივილი ჩვენს გულებთან ახლოსაა", - განაცხადა კანცლერმა.

ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის რიგგარეშე სხდომიდან კიდევ ერთხულ მოუწოდა ყველას, გაერთიანდნენ უკრაინის მხარდასაჭერად.

"ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას ამ სასოწარკვეთილ ვითარებაში და ამას ვაკეთებდით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში. უკრაინაზე თავდასხმა ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ დროში ვართ. როგორც დემოკრატები, როგორც ევროპელები, ჩვენ თქვენს მხარეს ვართ, უკრაინელებო, ისტორიის სწორ მხარეს", - თქვა შოლცმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე