ICC: მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ, არასერიოზულია

საქართველო, თბილისი - 16:33 | 16.02.2016
ნანახია: 1596

საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) საქართველოს საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, შეშფოთებულია. ცვლილების თანახმად, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება უცვლელად რჩება, გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებიდან 48 საათში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების დადასტურების შესახებ. სასამართლო ვალდებულია მომდევნო 48 საათის განმავლობაში გამოიტანოს განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან უარყოფის შესახებ.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა არასერიოზულია, ის არ ეხება გადამხდელთა საბანკო ანგარიშების თვითნებური გაყინვის პრაქტიკას და კვლავ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს დაბრკოლებას ბიზნესისთვის. შემოსავლების სამსახურის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებს, აფერხებს მათ ოპერირებას და ცხადია, აღნიშნული საკითხი უნდა განიხილებოდეს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის გადაჭრა გააუმჯობესებს საინვესტიციო კლიმატს.

„გასული ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ, ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საერთაშორისო ასპარეზზე არც თუ შესაშური რეპუტაცია მოიხვეჭა, რაც ძირითადად დაკავშირებულია შემოსავლების სამსახურთან. მანამ, სანამ საშემოსავლო სამსახურს შეეძლება საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, ზომაზე მეტად ბიზნესების დაჯარიმება და საგადასახადო დავების განხილვა წლობით, კანონმდებლობის ფარგლებში არსებული ვადების მიღმა, საქართველო არამიზიდველ ქვეყანად დარჩება როგორც ქართველი ბიზნესისათვის, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის.  

ჩვენ კვლავ ვერ ვხედავთ მთავრობის მკაფიო პოლიტიკურ ნებას, გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო საქართველოში. იმედგაცრუებას გამოვხატავთ ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნული კანონპროექტი ვერ გადაჭრის კერძო სექტორის იმ მნიშვნელოვან პრობლემებს, როგორიცაა: საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, აუდიტორული შემოწმებების ვადები, არამართლზომიერი დაჯარიმებები თუ იმ ინსპექტორთა სანქციონირება, რომლებიც ასეთ არამართლზომიერ ჯარიმებს აკისრებენ. მოვუწოდებ მთავრობას, დაუყონებლივ განიხილოს ის რეალური გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ბიზნესი დგას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საინვესტიციო კლიმატი კვლავ არამიმზიდველი იქნება და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, უცხოელ ინვესტორს ვურჩიოთ საქართველოში საქმიანობის დაწყება“- განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ.  

საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12,000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე