პოლონეთმა რუსეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშზე უარი განაცხადა

საქართველო, თბილისი - 18:04 | 26.02.2022
ნანახია: 383

პოლონეთის ნაკრებმა უარი განაცხადა რუსეთის ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშზე. შესაბამისი განცხადება პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცეზარე კულეშამ “ტვიტერზე” გაავრცელა. „საკმარისია სიტყვები, მოქმედების დროა. პოლონეთის ნაკრები არ აპირებს პლეი ოფში რუსეთის ნაკრებთან თამაშს. ეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კულეშამ. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთის ფეხურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს შვედეთისა და ჩეხეთის ფედერაციებთან, რათა ფიფას ერთიანი პოზიცია წარუდგინონ.

კულეშას განცხადებას მალევე გამოეხმაურა პოლონეთის ნაკრებისა და მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი.  “ეს სწორი გადაწყვეტილებაა! ვერ წარმომიდგენია, ამ სიტუაციაში ვეთამაშოთ ნაკრებს, რომლის ქვეყანაც უკრაინაში შეიარაღებულ აგრესიას აგრძელებს. რუსი ფეხბურთელები და ფანები ამაში დამნაშავეები არ არიან, მაგრამ ჩვენ ვერ მოვიქცევით ისე, თითქოს არაფერი ხდება,” - დაწერა ლევანდოვსკიმ "ტვიტერზე."

აღნიშნული საკითხი შვედებსა და ჩეხებსაც ეხებათ, რადგან რუსეთისა და პოლონეთის ნაკრებთა მატჩში გამარჯვებული სწორედ მათ შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდეს ფინალში, რომლის მასპინძლობის უფლებაც ასევე რუსეთს ექნებოდა, თუ პოლონეთს დაამარცხებდა.

მანამდე, შვედეთისა და ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციებმა განაცხადეს, რომ რუსეთში არ ითამაშებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე