სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის პროექტი 3 წლით გრძელდება

საქართველო, თბილისი - 16:08 | 16.02.2016
ნანახია: 1353

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის პროექტი კიდევ 3 წლით გრძელდება.
პროექტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება EUROCONTROL-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად იქნა მიღებული. მომდევნო სამი წლის გეგმაზე მუშაობა მხარეებმა მიმდინარე წლის იანვარში დაასრულეს.

პროექტის გაგრძელება ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემის ინტეგრირებას ევროპულ სანავიგაციო სისტემასთან და EUROCONTROL-ის წევრობით (საქართველო EUROCONTROL-ის წევრი 2014 წელს გახდა) მიღებული შესაძლებლობების ეფექტურ გამოყენებას.

განახლებული შეთანხმების თანახმად, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია სააგენტოს დაეხმარება სააერნაოსნო მომსახურების ზედამხედველობის ეროვნული ორგანოსთვის დელეგირებული საერთაშორისო ვალდებულებების ეფექტურ და სრულფასოვან დანერგვაში შემდეგი მიმართულებებით:

• ევროპული ერთიანი ცის (SES) დანერგვა;
• საჰაერო სივრცის მართვა და მოქნილი სარგებლობა (FUA);
• სანავიგაციო სისტემების ურთიერთთავსებადობა;
• სამოქალაქო ავიაციაზე ზეგავლენის მქონე დაბრკოლებების და რელიეფური მონაცემების (TOD) მიწოდებაზე ზედამხედველობა;
• საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვა;

განახლებული გეგმა აგრეთვე ითვალისწინებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს - „საქაერონავიგაციის“ უფრო აქტიურ ჩართვას პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში. მომდევნო სამი წლის განმავლობაში EUROCONTROL უზრუნველყოფს „საქაერონავიგაციის“ ხელშეწყობას საჰაერო მოძრაობის მართვის განვითარების, ევროპის სანავიგაციო ქსელში ინტეგრირების, საექსპლუატაციო მახასიათებლებზე დაფუძნებული ნავიგაციის (PBN) დანერგვის და რადიოლოკაციური გადაფარვის კუთხით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, EUROCONTROL-ი, როგორც უპილოტო საფრენი სისტემების მარეგულირებელი საავიაციო ხელისუფლებების გაერთიანების (JARUS) პარტნიორი ორგანიზაცია, ქართულ მხარეს კონსულტაციებს გაუწევს, საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოდ ექსპლუატირების მიზნით ევროპაში შემუშავებული და მომავალში მისაღები სამართლებრივი ჩარჩოს და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშემწყობი პროექტი 2011 წელს დაიწყო. EUROCONTROL-ის პროექტის პირველი ფაზა მიზნად ისახავდა ქართული მხარის დახმარებას ზედამხედველობის ხარისხის ამაღლების კუთხით. პროექტმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია სააგენტოს ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის სტანდარტებით გათვალისწინებული ზედმხედველობის ეროვნულ ორგანოდ ჩამოყალიბების პროცესში, სპეციალისტების მომზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე