ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგს გაამკაცრებს

საქართველო, თბილისი - 15:53 | 16.02.2016
ნანახია: 1404

ბათუმის მერია უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგს გაამკაცრებს. როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დღეს მერიასთან საქალაქთაშორისო სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლები შეიკრიბნენ და ქალაქის ტერიტორიაზე არაფორმალური, უკანონო ავტოსადგურების არსებობა გააპროტესტეს.

მიკროავტობუსების მძღოლებს ქალაქის მერი და ვიცე-მერი შეხვდნენ.

„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ გამკაცრდება უკანონო ავტოსადგურების მონიტორინგი. 24 საათიან რეჟიმში, შაბათ-კვირის ჩათვლით, მერიის ა(ა)იპ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს, საპატრულო პოლიციისა და ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ განხორციელდება ერთობლივი მონიტორინგი და მოხდება კანონდამრღვევთა დაჯარიმება», აღნიშნულია განცხადებაში.

დღესვე გადაწყდა, რომ გაიმართება კანონიერი და არაფორმალური ავტოსადგურების მძღოლებთან შეხვედრა, რათა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რაც არცერთ მხარეს არ დააზარალებს.

„მანამდე ბათუმის მერიამ არაერთხელ მოუწოდა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, შეეწყვიტათ საერთო პარკირების ადგილების უკანონო და არამიზნობრივი გამოყენება. გარდა ამისა, გასული წლის 25 დეკემბერს ბათუმის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც ,,იკრძალება და პარკირების წესების დარღვევად ჩაითვლება პარკირების საერთო ადგილების გამოყენება გარე ვაჭრობის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების, სხვა მომსახურების და ნებისმიერი სახით რეკლამის გავრცელებისთვის“. ბათუმის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადამყვან კომპანიებს, თვითმმართველობის მიერ მიღებული დადგენილების შესაბამისად, მგზავრთა გადაყვანა ქალაქში არსებული სტანდარტული ავტოსადგურების ტერიტორიებიდან განახორციელონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმმართველობა იტოვებს უფლებას, საერთო პარკირების ადგილების უკანონოდ მოწყობილი ავტოსადგურებისაგან გათავისუფლების მიზნით, გამოიყენოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება», აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე