ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს დღეს საპარლამენტო კომიტეტი მოუსმენს

საქართველო, თბილისი - 12:50 | 16.02.2016
ნანახია: 1327

დღეს, 16:00 საათზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს კობა გვენეტაძეს მოუსმენს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შედეგად წარმოშობილ ვაკანტურ თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის საკომიტეტო მოსმენას დაესწრებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.

კომიტეტის სხდომა გაიმართება კომიტეტის სათათბირო ოთახში -  N616.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggart-ის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტისთანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში,  ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს  სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას,  ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში. იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა დასაკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე