მორის ყვითელაშვილმა ოლიმპიადის მოკლე პროგრამაში კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ფინალში მე-5 ადგილით გავიდა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 08.02.2022
ნანახია: 677

დღეს, პეკინში,ზამთრის 2022 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გაგრძელდა ასპარეზობები ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცების ინდივიდუალური გამოსვლებით.

მოკლე პროგრამა შეასრულა 20 ქვეყნის 29 სპორტსმენმა, მათ შორის ბოლო ჯგუფში, 29 -ე სასტარტო ნომრით იასპარეზა მორის ყვითელაშვილმა.

ქართველმა მოციგურავე მორის ყვითელაშვილმა უშეცდომოდ, 2 ოთხმაგი ნახტომით შეასრულა თავისი მოკლე პროგრამა და ურთულეს ბრძოლაში 97,98 ქულით (სეზონის საუკეთესო) მე-5 პოზიცია დაიკავა.

ამასთან, ყვითელაშვილი მოკლე პროგრამაში საუკეთესო აღმოჩნდა ევროპის ქვეყნების სპორტსმენებს შორის.

მამაკაცთა კატეგორიაში კონკურენცია საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა, ასპარეზობდნენ ყველაზე მაღალრეიტინგული მოციგურავეები, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი იაპონელი მოციგურავე უზურუ ჰანიუ, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ამერიკელი ნეითან ჩენი და წინა ოლიმპიადის პრიზიორი იაპონელი შომა უნო.

ფინალისტები თავისუფალ პროგრამას 10 თებერვალს შეასრულებენ და უკვე ცნობილია, რომ ყვითელაშვილი ყინულზე ბოლო ჯგუფში, საერთო ჯამში, 24 მონაწილეს შორის მე-20 ნომრად გავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე