პანკისელ ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამსახურში ჩართვა შეეძლებათ

საქართველო, თბილისი - 19:21 | 15.02.2016
ნანახია: 1730

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ პანკისელი ახალგაზრდებისთვის მიცემული პირობა სრულდება. თინათინ ხიდაშელის გადაწყვეტილებით, საკონტრაქტო სამსახურში გაწვევის ვადა ორი კვირით და მხოლოდ პანკისის ხეობის მცხოვრებლებისთვის გაგრძელდა.

16, 17, 18 და 23, 24, 25 თებერვალს, 10.00-დან 16:00 საათამდე დუისის საზოგადოებრივ ცენტრში (კლუბში) სამინისტროს წარმომადგენლები დაინტერესებული ახალგაზრდებისგან დოკუმენტებს ადგილზე მიიღებენ და მათ შესაბამის კონსულტაციასაც გაუწევენ.

საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში ოთხწლიანი კონტრაქტით 18-დან 35-წლამდე წვევამდელები და ის ახალგაზრდები მიიღებიან, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო საკონტრაქტო სამსახური.

სამხედრო მოსამსახურეები ოთხი წლის განმავლობაში მაღალ ანაზღაურებას მიიღებენ. კონტრაქტორის ხელფასი 950 ლარს შეადგენს. სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის თანამდებობრივი სარგო წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით იზრდება.

მიმდინარე წლის 10 იანვარს ხეობაში თავდაცვის მინისტრის ვიზიტისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა შეიარაღებულ ძალებში სამსახურის სურვილი გამოთქვეს. რადგან საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა ამ დროისთვის უკვე შეწყვეტილი იყო, თინათინ ხიდაშელი მათ გაწვევის ვადის გახანგრძლივებას დაპირდა.

საკითხით დაინტერესებულ მედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ, 16 თებერვალს, 10:00 საათზე მობრძანდნენ დუისის საზოგადოებრივ ცენტრში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე