ბათუმში, „გმირთა ხეივანში“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება

საქართველო, თბილისი - 19:17 | 15.02.2016
ნანახია: 1424

ბათუმში, „გმირთა ხეივანში“ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა იგეგმება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე 4169 კვ.მ არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აუქციონზე გამოიტანა, სადაც სამომავლოდ სასტუმრო აშენდება. ობიექტის საწყისი ღირებულება 630 ათასი დოლარია და მისი გასხვისება 1-ელი მარტისთვის ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება.

აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში, სამინისტროში წარსადგენად, არქიტექტურული პროექტი მომზადებამდე საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი შეიმუშაოს.

ასევე, სამინისტროს მიერ, საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთიდან არანაკლებ 2 500-დან და არაუმეტეს 2918,3 კვ/მ-მდე ფართობზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება მოახდინოს.

პროექტის მიხედვით, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს: მინიმუმ 60 ნომერიან სასტუმროს (მყიდველის სურვილის შემთხვევაში შენობის ნაწილში დასაშვებია საცხოვრებელი აპარტამენტების  განთავსება). ასევე მიწისქვეშა ავტოსადგომს არანაკლებ 2000 კვ.მ ფართისა და სტილობატს (ე.წ "პოდიუმი"), რომელიც გამოყენებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით;
ინვესტორმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის   მშენებლობა უნდა დაიწყოს, ხოლო მისი დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში მოახდინოს.

ინვესტორის ვალდებულებას წარმოადგენს ასევე, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში შენობა-ნაგებობის ნაწილში, არანაკლებ 2000 კვ/მ ფართზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  „ჰიპერმაკეტის“  მოწყობა და ამოქმედება.

პირობების მიხედვითვე, პროექტის განხორციელებისათვის ინვესტორმა მინიმუმ 11 მლნ 674 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციოელოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე