პეკინი ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ გამოდის

საქართველო, თბილისი - 18:47 | 04.02.2022
ნანახია: 273

პეკინში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გავრცელდა ლიდერების ერთობლივი განცხადება, სადაც მხარეები სხვადასხვა საკითხზე ერთმანეთის პოზიციების მხარდაჭერის შესახებ აცხადებენ და ურთიერთდახმარების მტკიცე პირობას დებენ.

ერთობლივ წერილში აღნიშნულია, რომ მოსკოვი და პეკინი გააქტიურებენ მუშაობას, რათა გააღრმავონ ურთიერთობები და წინ აღუდგნენ სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში გარე ჩარევას.

პუტინი და ძინპინი აცხადებენ, რომ შეეწინააღმდეგებიან მსოფლიო უსაფრთხოების შელახვას და "ფერად რევოლუციებს".

ავტორიტარი ლიდერები ნატოს "ცივი ომის" იდეოლოგიის გავრცელებაში ადანაშაულებენ და მისი შემდეგომი გაფართოების წინააღმდეგ გამოდიან.

სხვა საკითხებთან ერთად, მხარეები აცხადებენ, რომ "არცერთმა ქვეყანამ არ უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება დანარჩენი მსოფლიოს უსაფრთხოებისგან განცალკევებით ან სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე".

"მხარეები ეწინააღმდეგებიან ნატოს შემდგომ გაფართოებას და მოუწოდებენ ალიანსს, შეწყვიტოს ცივი ომის ეპოქის იდეოლოგიური მიდგომები, პატივი სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ პეკინი გაგებით ეკიდება და მხარს უჭერს რუსეთს მიერ წამოყენებულ წინადადებებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე. თავის მხრივ, პუტინი აცხადებს, რომ მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პოლიტიკას, რომლის თანახმადაც, ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია.

რუსეთი და ჩინეთი აცხადებენ, რომ "სერიოზულად არიან შეშფოთებულნი" შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის გაფორმებული უსაფრთხოების პაქტის (AUKUS) გამო.

"რუსეთსა და ჩინეთს შორის მეგობრობას საზღვარი არ აქვს, არ არსებობს თანამშრომლობის "აკრძალული სფეროები", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერების განცხადებით, ჩინეთსა და რუსეთს ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები აქვთ და დასძენენ, რომ დემოკრატია არის უნივერსალური ადამიანური ღირებულება და არა ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე