ბაიდენი აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 19:25 | 03.02.2022
ნანახია: 333

თეთრი სახლი ავრცელებს აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკელმა სამხედროებმა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფის“ ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიმი ალ ქურაიში გაანადგურეს.

 „გასულ ღამეს, ჩემი ბრძანებით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარა კონტრტერორისტული ოპერაცია სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რათა დაეცვა ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უსაფრთხოება“, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

ოპერაციის დროს არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.

მიჩნეულია, რომ სწორედ ეს ექსტრემისტი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ყველაზე ძლიერი ლიდერი მისი წინამორბედის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სიკვდილის შემდეგ.

აღნიშნულ თემაზე ბაიდენი დამატებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ცოტა ხნით ადრე, დასავლურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარა ბოლო პერიოდში ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ სირიის ქალაქ იდლიბში. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

მედია აღნიშნავს, რომ თვითმხილველთა მონაცემებით, ამერიკელი სამხედროების ოპერაციის ჩატარების ადგილის მახლობლად, თურქეთის საზღვართან ვერტმფრენებიდან გადასხდნენ. ისინი ტერორისტების სასტიკ წინააღმდეგობას გადააწყდნენ. „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეებმა სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს საზენიტო დანადგარებიდან.

ამერიკული მედია აშშ-ის ერთ-ერთ მაღალი რანგის პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტერორისტების ლიდერმა თავი აიფეთქა.

„ისლამური სახელმწიფოს“ წინა ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიაში 2019 წელს მოკლეს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე