მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდი დაიწყო

საქართველო, თბილისი - 12:02 | 15.02.2016
ნანახია: 1562

15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგიონულ მოსახლეობას კვლავ ეძლევა შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი ბიზნეს იდეა ვებ-გვერდის მეშვეობით www.qartuli.ge და ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან 5 000 დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსების გაცემას გულისხმობს და წარმოადგენს ბიზნესის განვითარების კარგ შესაძლებლობას. ბიზნეს იდეის წარდგენა შესაძლებელია ა.წ 31 მარტამდე.

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას. ფინანსური დახმარების გაწევის გზით რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

 ორშაბათიდან, ერთი თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ანა კვარაცხელია და სხვა წარმომადგენლები საინფორმაციო ტურის ფარგლებში ესტუმრებიან ყველა რეგიონს და დეტალურად გააცნობენ დაინტერესებულ პირებს პროგრამაში ჩართვის და განხორციელების ყველა დეტალს. პირველი საინფორმაციო შეხვედრა 15 თებერვალს, კახეთში შედგება, ქ. თელავში საკრებულოს დარბაზში (ერეკლე მე-2 №16) პრეზენტაცია 12:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო გურჯაანში გამგეობის დარბაზში (ნონეშვილის 13, მე-3 სართული) 16:00 საათიდან შეძლებს მოსახლეობა დაწვრილებით ინფორმაციას გაეცნოს.

 ამასთანავე, მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის ფარგლებში რეგიონებში არსებული საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით:

 

  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი ადგილზე მიიღებს პროგრამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას
  • უსასყიდლოდ ისარგებლებს საზოგადოებრივ ცენტრებში არსებული კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით
  • დაინტერესების შემთხვევაში გადამისამართდება მეწარმეობის განვითარების სააგენტოში ან პროგრამის განმახორციელებელ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც მოხდება პროექტთან დაკავშირებული ყველა ნიუანსის განხილვა

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

  • ბიზნეს იდეის წარდგენა ვებგვერდზე qartuli.ge აპლიკაციის ფორმის შევსების გზით
  • ბიზნეს გეგმის წერის ტრენინგი
  • დამუშავებული ბიზნეს გეგმის წარდგენა
  • საბოლოოდ არჩეული ბიზნეს გეგმების თანადაფინანსება
  • ბიზნესის კეტებისათვის საჭირო ტრენინგი და ინდივიდუალური კონსულტაციები

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის მეორე რაუნდში იგეგმება მინიმუმ

1500 ბენეფიციარის დაფინანსება   და   3000-მდე ბენეფიციარის გადამზადება. ზოგადად პროგრამის ეფექტურობას ცხადყოფს პირველი რაუნდის მონაცემებიც, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსებულია  1620 ბენეფიციარი, ამასთანავე ტრენინგი გაიარა 3118 ბენეფიციარმა.

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის ინიციატივა ხორციელდება სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ.

პროგრამის უმთავრესი ამოცანაა რეგიონებში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება მეწარმე სუბიექტების მხარდაჭერისა და რეგიონული ბაზრების განვითარების გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს მოსახლეობის შემოსავლების ზრდასა და მიკრო ბიზნესის წამოწყების ხელშემწყობი პროგრამების ეკონომიკურად მოწყვლად რეგიონებში დანერგვას. საერთო ჯამში, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტი მიმართულია რეგიონებში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საერთო კეთილდღეობის ამაღლებისაკენ; მცირე ბიზნესისათვის ადამიანური და საწარმოო კაპიტალის შექმნითა და განვითარებით, მათთვის ინტენსიური საკონსულტაციო მომსახურების გაწევით საკმაოდ რეალისტურია რეგიონში არსებული სამეწარმეო საქმიანობის გამოცოცხლება და გააქტიურება.

პროგრამის განხორციელების შედეგად მოსალოდნელია მსხვილ ქალაქებსა და რეგიონებს შორის ეკონომიკური უთანასწორობის შემცირება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება რიგ ფაქტორებზე, რაც გულისხმობს:

  • რეგიონული ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას;
  • რეგიონის მკვიდრთა შემცირებული მიგრაციას (დედაქალაქში ან/და საზღვარგარეთ);
  • რეგიონში თანამედროვე ბიზნეს პრაქტიკის დამკვიდრებას;
  • რეგიონული პროდუქციის დივერსიფიკაციას;
  • ადგილობრივ პროდუქციაზე მოთხოვნის მატებას;
  • დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას;

კონკურსში ჩართვის შესაძლებლობა აქვს პირს, რომელიც სრულწლოვანია (18 წელს მიღწეული) , არის საქართველოს მოქალაქე , არ არის საჯარო მოხელე, არ არის სსიპ მეწარმეობის სააგენტოს თანამშრომელი ან მისი ოჯახის წევრი, არ გააჩნია მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე განაცხადის შეტანის მომენტში და აცხადებს მზაობას ბიზნეს გეგმების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე