აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს შესაძლოა, ზაფხულში ეწვიოს

საქართველო, თბილისი - 17:31 | 14.02.2016
ნანახია: 1706

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი შესაძლოა, საქართველოს ზაფხულში ესტუმროს. პენტაგონის ხელმძღვანელის საქართველოში შესაძლო ვიზიტის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ელისა სლოტკინმა მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, საქართველოს თავდაცვის სფეროში დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზარდოს. ელისა სლოტკინმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მიმართ და აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და აშშ-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას მიმდინარე წელს დაგეგმილი ორი საველე სწავლებაც ადასტურებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე