ამერიკელი გენერლი საქართველოს თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის

საქართველო, თბილისი - 17:07 | 14.02.2016
ნანახია: 1681

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. კარგად ვიცი, თუ რამდენად აფასებენ მეკავშირეები საქართველოს კონტრიბუციას ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში.

მოუთმენლად ველი ქართველ სამხედროებთან შეხვედრას და მათ მხარდამხარ მსახურს,“ - ამ სიტყვებით გაეცნო ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მომავალი მეთაური საქართველოს თავდაცვის მინისტრს. კოალიციური ძალების მომავალი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ნიკოლსონი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელს ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ამერიკელ გენერლებთან საქართველოს თავდაცვის მინისტრის შეხვედრა მიუნხენში, 52-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ყურადღება გამაახვილეს მიმდინარე წელს საქართველოში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში დაგეგმილ ორ სწავლებაზე - „ღირსეულ პარტნიორსა“ (“Noble Partner”) და „Agile Spirit 2016“-ზე.

როგორც გენერალ-ლეიტენანმა ჰოჯესმა აღნიშნა, „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ამერიკული წარმოების ჯავშანტექნიკა - „ბრედლი“ და „აბრამსი“ შემოვა. ამერიკელი გენერლის თქმით, ამით წინასწარ მოხდება დადგენა, თუ რა ვადაშია შესაძლებელი რუმინეთიდან საქართველოში მძიმე ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადმოსხმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, გაზაფხულზე ევროპაში აშშ-ის არმიის სარდლობის საქართველოში ვიზიტს, რომელიც ფოთის პორტის შესაძლებლობებისა და არსებული ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით განხორციელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე