ბათუმში, ნატო-ს სამხედრო ხომალდებზე ოფიციალური მიღება გაიმართა

საქართველო, თბილისი - 16:09 | 14.02.2016
ნანახია: 1623

ბათუმის ნავსადგური ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) და საფლაგმანო ხომალდი „ჰასანფაშა“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ დაათვალიერეს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატოს საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსს, კონტრადმირალ ჯორჯო ლაციოს შეხვდნენ. სტუმრები საფლაგმანო ხომალდის „ჰასანფაშას“ კაპიტნის მიერ გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრნენ.
„ნატოს ხომალდების ვიზიტი ყოველთვის არის ის მოვლენა, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ჩვენ ნატოსთვის. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე შავი ზღვის უსაფრთხოება, რათქმაუნდა, სულ უფრო აქტუალური ხდება და ამ საკითხის გადაჭრაში საქართველოს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ნატოს ხომალდების შავ ზღვაში შემოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
„მეტი ნატო საქართველოში“ - გრძელდება. შესაბამისად, ეს აისახება ბათუმის პორტში სამხედრო გემების შემოსვლაზეც. მსგავსი ღონისძიებები ძალზედ მნიშვნელოვანია. გაგრძელდება ასეთი ღონისძიებები და გაიზრდება ნატოს გემების რიცხვი ჩვენს პორტებში“, - აღნიშნა დავით ებრალიძემ.
SNMCMG2 ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული. ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
სამხედრო ხომალდზე გამართულ ოფიციალურ მიღებას თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე