თინათინ ხიდაშელი SACT-ის მეთაურს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 15:17 | 14.02.2016
ნანახია: 1603

ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე მსჯელობას დაეთმო საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (ACT) ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრა. მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში თინათინ ხიდაშელმა და ფრანგმა გენერალმა დენის მერსიემ უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოს მეკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის როლს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების პროცესში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არსებითი პაკეტით გათვალისწინებულ წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შექმნაზე. მხარეებმა ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარების საკითხებზეც იმსჯელეს. როგორც გენერალმა დენის მერსიემ აღნიშნა, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობა პასუხისმგებელია, მიმდინარე წლის ნოემბერში, საქართველოში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ დაგეგმილი ნატო-საქართველოს საშტაბო სწავლება უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობასთან. ACT ალიანსის სტრატეგიულ სარდლობას წარმოადგენს, რომელიც ალიანსის ძალებისა და მათი შესაძლებლობის ტრანსფორმაციის პროცესის ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე