ICAO: საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 17:07 | 12.02.2016
ნანახია: 1319

ICAO-ს ოფიციალური დასკვნით, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხეველობის კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშრისო ორგანიზაციის (ICAO) ოფიციალური დასკვნის თანახმად, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველოს საერთო მაჩვენებელმა 87.8% შეადგინა. უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის კუთხით, ქვეყანამ ICAO-ს აუდიტს 2008 წელსაც უმასპინძლა. მაშინ საქართველოს საერთო მაჩვენებელი 58%-ს უტოლდებოდა.

ICAO-ს დასკვნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს აუდიტის ჩატარებიდან 60 დღეში, მიმდინარე წლის 11 თებერვალს გადმოეცა. აუდიტს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2015 წლის 7-15 დეკემბერს უმასპინძლა. შემოწმდა როგორ ხორციელდება საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი ქვეყნის და მისი საავიაციო ხელისუფლების მიერ, რამდენად შესაბამისობაშია მოქმედი საავიაციო უშიშროების მარეგულირებელი კანონმდებლობა და თანმდევი პროცედურები ICAO-ს სტანდარტებთან და რეკომენდირებულ პრაქტიკასთან, აგრეთვე როგორ ხორციელდება აღნიშნული საკანონმდებლო ჩარჩოს აღსრულება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გარდა, აუდიტორებმა შეამოწმეს ავიასაწარმოების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს საქმიანობა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებით, აგრეთვე ადგილზე გაეცნენ როგორ ახორციელებდნენ ავიასაწარმოები და აღნიშნული უწყებები სამოქალაქო ავიაციის დაცვას მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან ICAO-ს სტანდარტების შესაბამისად.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშრისო ორგანიზაციის (ICAO) აუდიტი ახალი სისტემის - უწყვეტი მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა.

აუდიტის შედეგად მიღებული საერთო მაჩვენებლებით საქართველო ევროპის მოწინავე ქვეყნების მაჩვენებლებს გაუტოლდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, მის მიერ მგზავრების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების წინააღმდეგ მიმართული პრევენციული და საპასუხო ღონისძიებების მაღალი სტადარტებით უზრუნველყოფის კუთხით.

მიღწეული შედეგებისათვის, გაწეული სამუშაოსათვის და სააგენტოსთან ეფექტური კოორდინაციისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დიდ მადლობას უხდის საავიაციო ინდუსტრიას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს, აგრეთვე საავიაციო უშიშროების სფეროსთან თავისი საქმიანობით დაკავშირებულ სხვა სახელმწიფო უწყებებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე