თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით ფრენების ხანგძლივობა იზრდება

საქართველო, თბილისი - 15:51 | 12.02.2016
ნანახია: 1361

მიმდინარე წელს ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების ხანგძლივობასა და ავიკომპანიებთან დაკავშირებით სიახლეებია. როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, 2016 წელს, აჭარაში ფრენების პერიოდის გაზრდას გეგმავს ავიაკომპანია „Arkia”, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს 10 თვის განმავლობაში შეასრულებს პირდაპირ რეისებს თელ-ავივსა და ბათუმს შორის. ბათუმში, ზაფხულის სეზონზე რეგულარულად იფრენს საქართველოს ბაზარზე ახალი კომპანიაც „El Al Israel Airlines”, რომელიც თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში ორ საჰაერო მიმოსვლას განახორციელებს.

„TAV Airport Holding”- ის წარმომადგენლები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მოლაპარაკებებს აგრძელებენ ავიაკომპანიასთან „Israir Airlines“, რომ კომპანიამ გასული წლის მსგავსად წელსაც განახორციელოს ავიარეისები ბათუმსა და თელ-ავივს შორის.

დღეისათვის, საქართველოსა და ისრაელს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს ავიაკომპანიები “Arkia” „Israir Airlines“-ი და “Georgian Airways”-ი ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ისრაელიდან საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით 44 % პროცენტითაა გაზრდილი, აჭარაში შემოსულ ებრაელ ვიზიტორთა რაოდენობა კი 19,9 %-ით.

აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს ისრაელში 2012 წლიდან ახორციელებს. დეპარტამენტი ასევე აქტიურად მონაწილეობს ისრაელში გამართულ საერთაშორისო გამოფენებშიც, რაც ასევე ხელს უწყობს რეგიონში ებრაელი ტურისტების მატებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე