ძალიან ყვიროდა ტიკარაძის დუმილი იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება მას და სამთავრობო გუნდს 12 000 გარდაცვლილი ადამიანის გამო - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:17 | 10.12.2021
ნანახია: 324

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ძალიან ყვიროდა მისი დუმილი იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება მას და სამთავრობო გუნდს მთლიანად 12 000 გარდაცვლილი ადამიანის გამო, აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი ფორმულა, რომელიც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შევთავაზეთ საზოგადოებას, ეს არის კოალიციური მმართველობა.

"კოალიციური მმართველობა რომ ყოფილიყო საქართველოში, ტიკარაძისნაირი კადრი ვერ დაიკავებდა ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობას, როგორიც არის ჯანდაცვის მინისტრი და იმ შემთხვევაში თუ დაიკავებდა, აქამდე საკუთარი ნებით კი არ დატოვებდა მას, კოალიციური ხელისუფლება გაუშვებდა ასეთ მინისტრს, რომელმაც ვერ მიიღო საკმარისად გაბედული და დროული ნაბიჯები სამთავრობო გუნდთან ერთად იმისთვის, რომ გადარჩენილიყო ჩვენი ათასობით თანამოქალაქის სიცოცხლე. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ძალიან ყვიროდა მისი დუმილი იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება მას და სამთავრობო გუნდს მთლიანად 12 000 გარდაცვლილი ადამიანის გამო. მან ამაზე არაფერი თქვა და ეს დუმილი ამ საკითხზე იყო ყველაზე უფრო ხმაურიანი მისი გადადგომის განცხადებაში. ის თავისი ნებით კი არ უნდა მიდიოდეს, ის უნდა გადაეყენებინა სამთავრობო გუნდს და თავადაც უნდა გაჰყოლოდა უკან. როცა გიკვდება შენი არაკომპეტენტურობის, პოპულიზმის და უცოდინარობის გამო 12 000 მოქალაქე და თავად აღიარეს, რომ თუნდაც ერთი ზომა თვეების წინ რომ გაეტარებინათ, ათასობით სიცოცხლე გადარჩებოდა, ეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის სიტყვებია, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა ვერ გაუმკლავდა კრიზისს და ამის გამო ქვეყანაში ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე