უკრაინა მზად არის რუსეთთან ურთიერთობაში დათმობაზე წავიდეს, თუ მოსკოვის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იქნება - დმიტრო კულება

საქართველო, თბილისი - 11:14 | 09.12.2021
ნანახია: 558

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ მზად არიან რუსეთთან ურთიერთობაში დათმობებზე წავიდნენ, თუ მოსკოვის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგმება.

 „ჩვენ კონსტრუქტიული მიდგომები გვაქვს. მზად ვართ წავიდეთ დათმობებზე, თუ  რუსეთის მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იქნება. თუმცა ჩვენ არ წავალთ დათმობებზე იმ საკითხებში, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფოს განვითარებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ეს არის -  ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა კულებამ ბრიტანულ ტელერახ Sky News-თან ინტერვიუში.

ამასთან, აღნიშნა, რომ მოთხოვნები უნდა იყო რაციონალური და კანონიერი.

კულებამ გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის საზღვართნ ესკალაციის შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის ფონზე, კიევის მოკავშირეები ქვეყანას აღმოუჩენენ დახმარებას ეკონომიკურ სფეროში, აუცილებლობის შემთხვევაში კი - არმიის გაძლიერებაში დაეხმარებიან.

უკრაინა და დასავლეთის ქვეყნები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო პერიოდში უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის გადაადგილებისა და მოსკოვის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის გამო.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა გამოცემა Military Times-ს განუცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 92 ათასზე მეტი სამხედრო განათავსა და იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება.

რუსეთი ტრადიციულად უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ უკრაინაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, დასავლეთის განცხადებები რუსული აგრესიის შესახებ გამოიყენება საბაბად იმისთვის, რომ რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს სამხედრო ტექნიკის ფართომასშტაბიანი მობილიზება მოხდეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე