ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად დაამტკიცეს

საქართველო, თბილისი - 14:43 | 08.12.2021
ნანახია: 320

გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ, ბუნდესტაგმა ქვეყნის ახალ კანცლერად სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) ლიდერი ოლაფ შოლცი დაამტკიცა.

ოლაფ შოლცი სოციალ-დემოკრატების, "მწვანეებისა" და თავისუფალი დემოკრატების სამთავრობო კოალიციას უხელმძღვანელებს. ანგელა მერკელის მთავრობაში შოლცი ვიცე-კანცლერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.

შოლცის კანდიდატურას 736 დეპუტატიდან 395-მა მისცა ხმა, კანდიდატის დასამტკიცებლად სულ მცირე 369 ხმა იყო საჭირო. წინააღმდეგ 303-მა დეპუტატმა მისცა ხმა, თავი შეიკავა 6 დეპუტატმა.

ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელს ჩაანაცვლებს, რომელიც 16 წლის განმავლობაში განაგებდა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკას.

გერმანიის კონსტიტუციის თანახმად, კანცლერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ირჩევს ბუნდესტაგი და დასამტკიცებლად წარუდგენს ფედერალურ პრეზიდენტს.

ოლაფ შოლცი გერმანიის მეცხრე კანცლერი გახდება. ის 1958 წელს ოსნაბრიუკში დაიბადა, სწავლობდა სამართალს და მუშაობდა ადვოკატად. შოლცი ორჯერ იყო ბუნდესტაგის წევრი - 1998 წლიდან 2001 წლამდე და 2002 წლიდან 2011 წლამდე. 2007 წლიდან 2009 წლამდე მუშაობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობაში შრომის მინისტრად, 2011 წლიდან 2018 წლამდე იყო ჰამბურგის პირველი ბურგომისტრი, ხოლო 2018 წლის მარტიდან ხელმძღვანელობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს. პარალელურად მუშაობდა ვიცე-კანცლერის თანამდებობაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე